ვასწავლი უკეთესი მომავლისთვის

მუდამ სიამაყით ვამბობ, რომ მე ვარ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის პედაგოგი.  იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ერთ მიზანი აქვს და ყველა  ამ მიზნის მისაღწევად იბრძვის - დავეხმაროთ მოსწავლეებს და მივცეთ მათ განათლება. არ ვუშინდებით არანაირ დაბრკოლებას, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მომავალი ქვეყნის ბედი ნაწილობრივ ჩვენზე და იმ მომავალ თაობაზეა დამოკიდებული, რომლისთვისაც მოვწყდით ჩვენს ოჯახებს, გარემოს და წამოვედით   მაღალმთიან სოფლებში, სადაც მოსწავლეებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ.

მსურს მოგითხროთ ამბავი ჩემ შესახებ. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჯერ კიდევ მეოთხე კურსის დასრულებისას ჩვენმა ლექტორმა გვიამბო პროგრამის შესახებ და გვირჩია მონაწილეეობის მიღბა.  იმ დღიდან  დამეუფლა ძლიერი სურვილი ამ პროგრამაში მოხვედრის. დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ დიდი თავგადასავალი მელოდა,  გაცნობიერებული მქონდა ის ფაქტიც,  რომ არც ისე  ადვილი იქნებოდა პატარა გოგოსთვის, ოჯახის მიტოვბა და უცხო მხარეში საცხოვრებლად წასვლა. თუმცა უდიდესი სურვილი მქონდა ჩემი ცოდნა გადამეცა მოსწავლეებისთვის, დავხმარებოდი მათ და გამელამაზებინა მათთვის ცხოვრება. 

გავიარე ის პროცედურები, რაც პროგრამაში მოსახვედრად იყო საჭირო. ტრენინგების დასრულების შემდეგ დადგა ის საინტერესო მომენტი, როდესაც უნდა გამხდარიყო ცნობილი თუ რომელ მხარეში მოგვიწევდა პედაგოგიური საქმიანობა. შინაგანი მღელვარების გამო  იმ ღამეს არც მეძინა და  მახსოვს მასწავლებელთა სახლში ნახევარი საათით ადრე მივედი, ინფორმაციის გასაგებად. განაწილების წესით მე ჯავახეთში მერგო. კერძოდ, ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამში. ამ დღიდან იცვლება ჩემი ცხოვრებაც, რადგანაც შევხვდი არაჩვეულებრივ ხალხს, მშრომელ, კეთილ, პატიოსან ჯავახებს.  ქართველები რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ ამაზე ალბათ არავინ დაობს, თუმცა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთელ დავრწმუნდი ამ მხარეში ყოფნის დროს.

დავემშვიდობე ოჯახს, მეგობრებს, ჩავალაგე ჩემოდნები და მეორე დღეს გავემგზავრე ჯავახეთში. დიდი შემართებით, იდეებით და სიახლეებით დატვირთული.  მწამდა, რომ კარგი საქმის გასაკეთებლად მივდიოდი. 

საქართველოს  ბევრ კუთხეში ვარ ნამყოფი და ნამდვილად ყველა თავისებურად ლამაზია, თუმცა ჯავახეთი მხოლოდ რუკაზე მქონდა ნანახი, არაფერი ვიცოდი გარემო პირობებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე.  მახსოვს ზამთარში მომიწია ჩასვლა, თუმცა ჯავახეთში მუდამ ზამთარია, სადაც ყინვა -35 გრადუსამდეც კი აღწევს. ირგვლივ მარტო თეთრად გადაპენტილი მინდვრები ჩანდა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, მივდიოდი და ვფიქრობდი თუ რამდენი ქართველი მამულიშვილის სისხლი დაღვრილა ამ მიწაზე, რომელიც ქვეყნის დაცვასა და კეთილდღეობას შეეწირა. ხოლო  ყველა მოქალაქემ  თავისი წვლილი უნდა შეიტანოს  ჩვენი ლამაზი ქვეყნის  მშენებლობაში, კარგად აკეთოს თავისი საქმე.

ხუთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვედი სოფელში, ცხოვრება მომიწია  ხუციშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი შვილივით მიმიღეს. არასოდეს დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილებები სკოლაში, მოსწავლეების ინტერესიანი თვალები, რომლებიც ელოდებოდნენ ახალ მასწავლებელს.   დამხვდა ძალიან თბილი კოლექტივი, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავი ცუდად არ მეგრძნო. დიდი სიყვარულით შემხვდა ადგილობრივი მოსახლეობა, ამზადებდნენ განხვავებულ კერძებს და მეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებულად გემრიელი იყო ჯავახური ქადა, თუთმაჯი და ბატის ხინკალი.

სკოლაში განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან, კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ფაქტი, რომ მე მათ დასახმარებლად ვიყავი ჩასული. საგაკვეთილო პროცესის  შემდეგ ვრჩებოდით სკოლაში და ვატარებდით დამატებით მეცადინეობებს, ვაწყობდით შეჯიბრებებს, ჩამოვაყალიბეთ „კინო-კლუბი“, სადაც ერთად ვუყურებდით ინგლისურ ფილმებს და შემდეგ განვიხილავდით. მოსწავლეთა დიდი ინტერესის გამო სკოლაში ასევე ჩამოყალიბდა „მკითხველთა კლუბი’’,  ერთად ვეცნობოდით ინგლისელი მწერლების შემოქმედებას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებსვუზიარებდით.

ბავშვების მონდომებამ და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ შედეგიც გამოიღო - ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა დღეს-დღეობით სტუდენტია. მოგეხსენებათ მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით ჭირს პედაგოგები. ჩემი რჩევით რამდენიმე  მოსწავლე  სწავლობს ინგლისურ ფილოლოგიაზე, რათა კურსის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან თავიანთ კუთხეს და წვლილი შეიტანონ სოფლის განვითარებაში, იმისთვის რომ სოფელი არ დაიცალოს. გარადა ამისა, სამომავლოდ სოფელს ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, რაც ძალიან მახარებს.

ვფიქრობ, რომ  სამი წლის განმავლობაში ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ძალ-ღონე არ დამიშურებია იმისთვის, რომ მოსწავლეებს დავმხმარებოდი,  გამეხალისებინა და სიახლე შემეტანა მათ ცხოვრებაში. ხშირად ვსაუბრობდით სწავლის დანიშნულების შესახებ, თუ რატომ უნდა ესწავლათ კარგად და რა სარგებლობას მოუტანდნენ საკურ თავს და ქვეყანას. კარგი სწავლით. როგორ უნდა გამხდარიყვნენ წარმატებულები. რადგან წარმატება ადვილად მისაღწევი არ არის. იგი დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

ჯავახეთში სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მათ დავემშვიდობე და ახლა კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში, საზღვრისპირა სოფელში ვასწავლი,  სადაც გადმოსახლებული ეკო-ემიგრანტი აჭარლები ცხოვრობენ. ვეცნობი მათ ტრადიციებს და ვცდილობ, ყველანაირად დავეხმარო მათ. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა.

  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  არაჩვეულებრივ პროექტს „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის მონაწილეც ვარ მე,  რომელმაც მომცა საშუალება შევხვედროდი გამორჩეულ  ხალხს, მეცხოვრა მათთან ერთად, გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რაც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრების დროს წარმოიქმნება, მივიღე ცხოვრებისეული გამოცდილება, შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი, ჩემი მეორე ოჯახი, სადაც ვცხოვრობდი. არასოდეს დამავიწყდება მათი უსაზღვრო სითბო და სიყვარული ჩემს მიმართ. სოფელი იცნობდა  პროექტის რამდენიმე მასწავლებელს, რომლებიც ჯავახეთის სხვადასხვა სოფელში იყვნენ განაწილებულები და ხშირად აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ  ამ პროექტში ყველა გამორჩულია. 
მე  მწამს და მჯერა, რომ ვასწავლი საქართველოსთვის! ვასწავლი ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის!

თეონა სუხიაშვილი