პროფესიით ფიზიკოსი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე. წლების განმავლობაში მასწავლებლად ვმუშაობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში. 2012 წლიდან ვარ პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ- მასწავლებელი. მანამდე სკოლაში მუშაობის
გამოცდილება არ მქონდა. აღმოჩნდა, რომ სკოლაში
მუშაობის სპეციფიკა მკვეთრად განსხვავდება საუნივერსიტეტო სწავლების პროცესისგან.
პროგრამაში ჩართვის პირველ წელს ახალქალაქში, გოგაშენის საჯარო სკოლაში
ვმუშაობდი. მას შემდეგ, უკვე მეოთხე წელია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებას საჯარო
სკოლის მოსწავლეებს ვასწავლი. ახალ საზოგადოებასთან ადაპტირებაში და განსხვავებული
კლიმატური პირობების გარემოსთან შეგუებაში ძალიან დამეხმარა პროგრამის ხელმძღვანელობის
მხარდაჭერა, თბილი, კოლეგიალური ურთიერთობები და ის მეგობრული გარემო, ის ენთუზიაზმი,
რითიც გამოირჩევიან აქაური მოსწავლეები.
აქ მუშაობა იმითაც არის საინტერესო, რომ მხოლოდ საგაკვეთილო
პროცესით არ შემოვიფარგლები. არაფორმალური განათლების მიმართულებით არაერთი საინტერესო
პროექტი კეთდება. ვგრძნობ, რომ ამ ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მეც პროფესიულად
გავიზარდე.
ჩემს პროფესიულ განვითარებას ხელი პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილმა არაერთმა ტრენინგმაც შეუწყო. მათი უმრავლესობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
ჩემი მომავალი საქმიანობის დაგეგმვისთვის და შემდგომშიც არაერთხელ გამოვიყენე.
ბოლო 2 წლის მანძილზე 4-ჯერ ჩავატარე
წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლების სამუშაო
სემინარი და აღმოჩნდა, რომ ასეთი ღონისძიებები ადგილობრივი პედაგოგებისთვის
ძალიან საინტერესოა. ვცდილობთ იქვე, ადგილზე შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ ერთმანეთს
გამოცდილება გავუზიაროთ და დავეხმაროთ. ასეთი სემინარები ყოველთვის ნაყოფიერია.
მსგავს ღონისძიებებს მოსწავლეებისთვისაც ხშირად ვატარებ.
უკვე სამი წელია, ჩვენს სკოლაში იმართება სასკოლო კონფერენცია, ასევე, პროექტი ,,მოაზროვნე“.
ამ პროექტის განხორციელებით შევეცადე სახალისო
შეკითხვებით და წამახალისებელი სიგელებით გამეზარდა მოსწავლეების მოტივაცია ფიზიკისა
და მათემატიკის სწავლაში. თანდათან ამ პროექტმა
უფრო მასშტაბური სახე მიიღო და უკვე, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების ჩართულობით
ტარდება.
ჩემთვის მოულოდნელი და უზომოდ სასიხარულო იყო ის ფაქტი,
რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის სახლმა მომანიჭა ,,წლის მასწავლებლის
ტიტული“. ეს დიდი სტიმულია და ასევე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ.
ვთვლი, რომ პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩვენი
ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ბედნიერი ვარ, რომ
მაქვს საშუალება შევიტანო საკუთარი წვლილი საქართველოს მომავალი თაობის განათლების
განვითარებაში.
პროგრამა ,,ასწავლე
საქართველოსთვის“
წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ ხარებას
ფიზიკის კონსულტანტ
- მასწავლებელი
ნესტან მიქაძე