2015-2016 სასწავლო წელი დგებოდა.
პედსაბჭოზე ვიყავი,
როდესაც მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მივიღე შეტყობინება, რომ წარმატებით გავიარე
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონკურსი. გამოუთქმელი განცდა იყო. დავემშვიდობე
კოლეგებს და სკოლიდან წამოვედი. მივხვდი, რომ იმ დღიდან ახალი ცხოვრება იწყებოდა. ყველას
გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, მათ შორის ოჯახის წევრებსაც.
12 სექტემბერს მამამ ჩამომიმიყვანა, თვალცრემლიანმა
დამტოვა და ხმა არ ამოუღია, რადგან იცოდა, ჩემთვის ძნელი იქნებოდა ახალ პირობებთან
შეგუება. ულამაზესი სოფელი და თბილი ხალხი დამხვდა. კოლექტივსაც და ბავშვებსაც მალე
შევეწყვე და სიხარულით მივრბოდი სკოლისაკენ.
ბავშვებიც გრძნობდნენ ჩემს დამოკიდებულებას
და დაუმალავად აფრქვევდნენ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათ
რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეღოთ, სპეციალურად მათთვის შევიძინე ელექტრო ინსტრუმენტი,
დინამიკები, უამრავი რესურსით ვუმდიდრებდი გაკვეთილებს, რათა მათთვის სახალისო და საინტერესო
გამეხადა მუსიკის შესწავლა. მალე იმავე მუნიციპალიტეტის სხვა სკოლაშიც მიმიწვიეს სამუშაოდ.
რა თქმა უნდა, თანაბრად ვუნაწილებდი ბავშვებს სიყვარულსაც და გამოცდილებასაც.
მოულოდნელად მამა გარდაიცვალა. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემს
ცხოვრებაში. განადგურებული რამდენიმე დღეში დავბრუნდი ჩემს პატარა მეგობრებთან და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვმღეროდი,
ვხალისობდი და არ ვაგრძნობინებდი ჩემს მწუხარებას. ამ პერიოდში დავწერე ძალიან ბევრი
კომპოზიცია. მხოლოდ ჩემს მუსიკაში იგრძნობა ის ტკივილი და განცდა, რასაც ხმამაღლა ვერ
გამოვთქვამ.
ძალიან შევეჩვიე აქაურობას, ულამაზეს ბუნებას, კოლეგებს,
ბევრი მეგობარიც გავიჩინე. ბედნიერი ვარ, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი და ამ ბრწყინვალე
პროგრამის მონაწილე ვარ. ალბათ ვერასდროს გადავიტანდი
ამ დარტყმას, ამდენ პრობლემას, რაც თავს დამატყდა, რომ არა ეს პროგრამა, ეს გარემო
და სითბო.
დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარხართ,
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თამთას, რომელიც არაერთხელ დამიდგა გვერდით და გაგებით
მოეკიდა ჩემს თხოვნას. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ ერთად ქვეყნისთვის
და დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენ და საკუთარ თავსაც.
წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის
მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ხატიაშვილი