შევუდექი გურიის მიხვეულ-მოხვეულ გზებს და თან ამ სიმღერას ვღიღინებ: ,,მივალ გურიაში მარაა“ ... გზაც არ მთავრდება და ვფიქრობ: ,,ნეტა სად მივდივარ? რა მინდოდა გურიაში? ვერ დავეტიე თბილისში?“ უამრავ კითხვას ვსვამ ... ზოგს ვცემ პასუხს, ზოგს თავს ვარიდებ. ერთი წელი მალე გაირბენს და სხვა სამსახურს ვნახავ - ვიმშვიდებ თავს.
ცოტათი შორიდან დავიწყებ ჩემი ამბის მოყოლას. არასდროს მიოცნებია, ვყოფილიყავი მასწავლებელი, რადგან ვფიქრობდი, მასწავლებლად უნდა დაიბადო და განსხვავებული უნარები უნდა გქონდეს. მე, რომელიც მუდმივად ძიების პროცესში ვარ, მე, რომელიც სიამოვნებით ვუსმენ ალტერნატიულ მუსიკას, მძიმე როკს, მეტალს, მე, რომელსაც თმა 12 მილიმეტრზე მაქვს შეჭრილი, მე, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს კედებში, მე, რომელიც ვფიქრობდი, მოვა დრო და მექნება ყველაზე მაგარი ბარი, სადაც მოვიწვევ როკ შემსრულებლებს და ყველაზე საუკეთესო ადგილი იქნება დასასვენებლად, მივდივარ სადღაც შორს, რადიკალურად შევიცვალო ჩემი ცხოვრების წესი და... მე უნდა გავხდე ქიმიის მასწავლებელი. მეგობრები ხალისით შეხვდნენ ამ ამბავს: ,,შენ და მასწავლებელი?“, ,,საწყალი ბავშვები“, ,,ვერ გაძლებ დიდხანს“, ,,მთაში რა გინდა?“, ,,როკერი მასწავლებელი აღარ მინახავს“...
პროგრამამ ,,ასწავლე საქართველოსთვის“ , ჩემი ცხოვრება შეცვალა...
რამდენიმე სოფლის დასახელება მომცეს, ზოგი მეცნო, ზოგიც არა... ასევე, არ მეცნო და არც მეგონა თუ არსებობდა სოფელი ქვაბღა. დავრეკე დირექტორთან და მხიარულმა ქალბატონმა მიპასუხა... და პირველი რაც მკითხა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. მოკლედ, ,,მივალ გურიაში მარა, სულმა წინ წინ გეიპარაა’’... ჩოხატაურში ჩამოვედი, დავუკავშირდი იმ ოჯახის უფროსს, სადაც უნდა მივსულიყავი. ეს ადამიანი იყო ბებური მამალაძე (ბებურიკო, რეინჯერი). დამაკვალიანა, როგორ უნდა წამოვსულიყავი ქვაბღისკენ. გავაგრძელე ჩემი მოგზაურობა, გზაც უსაშველოდ გაიწელა, უცებ თვალი მოვკარი ქვაბღის აბრას, ცოტა ამოვისუნთქე ... სანამ სახლამდე მივაღწიე, სული ძალიან წინ გეიპარა... სახლში დამხვდა გაშლილი სუფრა, ბებურიკო, ვანიკო და ჩემი ყველაზე კარგი დიასახლისი ნატო, ყოველთვის გვერდით რომ მიდგას და მამხნევებს. ყველა ორშაბათიდან დიეტაზე რომ ვდგებით, მაგრამ ამ ორშაბათს რიცხვი ვერ მოვუნახეთ... "დღეს ხაჭაპურს ვაცხობ და ხვალიდან დავდგეთ დიეტაზე" - ხვალაც იგივე მეორდება. ჩემი მაღვიძარაა, ყოველ დილას ქვემოდან შემომძახებს: ,,ადექი ახლა... ნუ გააბი ძილი, ყავა დასხმულია!’’ რაც ოჯახში ,,შევუვარდი“, მთელი ოჯახი ჩემი კვების რაციონზე გადაიყვანა. ბებური ხანდახან ბრაზობს: ,,ქალოოო, ე ბაღანე თუ არ ჭამს ხაჭაპურს (მარხვაა, თორემ ისე ვერავინ მასწრებს), მე ვჭამ და გამიკეთე ერთი“. მოკლედ, მხიარული ოჯახი გვაქვს.
პირველი შეხვედრა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან: ცოტა არ იყოს, ჩემი ვარცხნილობა არ მოსდით თვალში, არც კედები, არც ჩემი შავი კლასიკური ,,საროჩკა“და მითუმეტეს, შარვალი, რომელიც თურმე დირექტორს აკრძალული აქვს. თუმცა, შემდეგ ბევრი სახალისო დღე გაგვიტარებია ერთად, თითოეული მათგანის გვერდით დგომას ვგრძნობდი და ყოველთვის თბილად გამახსენდება ჩვენი კოლექტივი... მოკლედ, არ ვიტეხ იხტიბარს და შევდივარ მეთერთმეტე კლასში, ჩემი პირველი მოსწავლები ინტერესით მიყურებენ. შემდეგ მიმხელენ, რომ თურმე თავიდან ძალიან ბრაზიანი მასწავლებელი ვეგონე. ლევანიკო ასე იხსნებს: "როდესაც სკოლაში მოხვედით თავიდანვე ვიფიქრე, რომ ცოტა არ იყოს და უჟმური იქნებოდით, შემდეგ ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან ერთად, ჩემი წარმოდგენა თქვენს მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ძალიან ტკბილად და სასიამოვნოდ გასახსენებელია სკოლის ის წლები, როდესაც თქვენ გვასწავლიდით“.
თამარი, მებრძოლი გოგო... თავდაპირველად არ მენდობა, ეჭვის თვალით მიყურებს. უცნაურ სევდასაც ვამჩნევ, შემდეგ მანაც სხვანაირად შემაფასა: "მან მხოლოდ ქიმია როდი გვასწავლა, პირველივე დღიდან მოყოლებული გვასწავლიდა ვყოფილიყავით მაქსიმალისტები, ჩვენი მიზნისაკენ სწორად გვევლო, შრომის ფასი გვცოდნოდა და არასოდეს გაგვეშვა შანსი ხელიდან, ვყოფილიყავით იქ სადაც ვიმსახურებთ. მისი თითოეული მეგობრული რჩევა-დარიგებები დღემდე მომყვება, ნინო მასწავლებლის გარეშე დღეს მე ვერ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ, იქ სადაც ასე ძალიან მინდოდა ყოფნა. გვიყვებოდა არამხოლოდ ქიმიაზე, არამედ ხელოვნებაზე, ისტორიაზე, საკუთარ გამოცდილებაზე, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ დროს თითქმის არ იგრძნობოდა ასაკობრივი ზღვარი. მადლობა ღმერთს, რომ ანგელოზივით მომივლინა, სწორედ მაშინ, როცა ასე ძალიან მჭირდებოდა".
სოფო... ქიმიკოსობა უნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ვმეცადინეობთ კვირაში შვიდი დღე. ხუთი წლის შემდეგ ასე ფიქრობს: ,,ხუთი წელი გავიდა, რაც ნინო მასწს ვიცნობ. მახსოვს, დიდი მოლოდინები გვქონდა, რაღაც ახალს ველოდით, მართლაც, იმ დროიდან, რაც ნინო ჩვენი მასწავლებელი გახდა თითქოს ჩვენც შევიცვალეთ, გასაქანი მოგვეცა. გაკვეთილზე ვაზროვნებდით, არ მქონდა მოდუნების საშუალება, სურვილი მქონდა არა მარტო ქიმიაში ვყოფილიყავი წარმატებული, არამედ სხვა საგნებში. მან ქიმია შემაყვარა. რაღაც ქიმიური ძალებით მოახერხა ეს ყველაფერი. ახლა ქიმიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ამაში ნინო მასწავლებელს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. მიმაჩნია, რომ ის ძლიერი პიროვნებაა, ყოველთვის იცის, რა უნდა, ყოველთვის აქვს მიზანი და შეუძლია მანამ იბრძოლოს, სანამ ამ მიზანს არ მიაღწევს. მიხარია ,რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო".
ჩემი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვები. მათთან ერთად განვიცადე საატესტატო და შემდეგ ეროვნული გამოცდები. მათთან ერთად გავიზარდე, შევიცვალე და მცირედით შევცვალე ერთი პატარა სკოლის ყოველდღიური ყოფა.
ნაილი გოგო, რომელიც ძალიან ნიჭიერია და იცის, აუცილებლად უნდა მოხვდეს უფასო ფაკულტეტზე, რადგან მშობლები ვერ შეძლებენ თანხის გადახდას. ამიტომაც, ვმეცადინეობთ თავდაუზოგავად და მიზანსაც ვაღწევთ... ნაილი - ,,ნინო მასწავლებელი... მოკლედ, ადამიანი, რომელმაც თავისი მოსვლით ჩვენს სკოლაში და მოსწავლეების ცნობიერებაში შეცვალა ბევრი რამ. ახერხებდა, მოსწავლეებთან მეგობრული ყოფილიყო და ასევე დაეცვა ის შუალედი, რაც მოსწავლეს და მასწავლებელს შორის არსებობს. ნინო მასწავლებელი არასდროს ზოგავდა თავს მოსწავლეების დასახმარებლად, მან დიდი როლი ითამაშა არა მარტო იმაში, რომ ქიმია შემაყვარა, არამედ ჩემს პიროვნულ გაზრდაში, დამეხმარა რომ არ ამერჩია პროფესია გაუაზრებლად და ეს ფრაზა შეიძლება არც ისე აკადემიურია, მაგრამ იმას, რაც ნინო მასწავლებელმა ჩემთვის გააკეთა, ზუსტად აღწერს „ზედ გადამყვა“.
მიხარია ჩემი ყველა მოსწავლის წარმატება, რადგან პატარა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი. მასწავლებლის ყველაზე დიდი შემფასებელი ხომ მისი მოსწავლეები არიან.
ნუნუ ბებია მხვდება გზაში , თბილად მომიკითხა და ღიმილით მითხრა - ,,რა კარგი გოგო ხარ, შვილო, და თმას რეიზა იჭრი ბებია ასე? დედაშენი არაფერს გეუბნება?...“. ბებურიკოს რეაქცია ყოველი ჩემი თბილისიდან დაბრუნების შემდეგ: ,,კიდო შეიხუჭე თმა"? ,,ბიძიელა, რეიზა არ მიყობი იმ კაცს ცოლად, უნდა დუურეკო და ვუთხრა წაგიყვანოს“.
ბებურიკოს ცხენი ჰყავს, სახელად ,,კუკუნი“. მერსედესში არ გაცვლის. კუკუნიზე ამოსდის მზე და მთვარე. ძროხას არ იკითხავთ რა ქვია? - ,,ფასანსურა“. ვინმე თუ არასასიამოვნო ამბავს ყვება, მთელი ამბის მოყოლისას იძახის - ,,ჯვარი აქოურობას“.
ვანიკო, ჩემი ბუთქუნა, კეთილი, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ბიჭი, ხელჩართული ბრძოლა გვქონდა გამართული ყოველდღე სახლში: "ისწავლე, თორემ არ დაგიწერ ნიშანს"! არადა, მისი ოთახი მაქვს დასაკუთრებული, გამომაგდოს, ხომ ვიქნები ღირსი? ნინო ჩემი უფროსი და არისო, ამბობს. ჩემს დაბადების დღეებზე სიურპრიზებს მიმზადებს, მახალისებს და გულიანად მაცინებს. ვანიკო ჩემთვის ყოველთვის პატარა ძმა იქნება. ელოდება, როდის მოვიგებ ჯეკპოტს და მანქანას ვუყიდი, მანამდე მპირდება მართვის მოწმობას ავიღებო.
სამარშრუტო ტაქსიში: ,,არ გავხარ აქოურს" - ვუღიმი - "თბილისელი იქნები (შუბლზე არ მაწერია, აშკარად) ვისთან ხარ?' - ვუხსნი, რომ პროგრამის მასწავლებელი ვარ - უკვირს - "გათხოვილი ხარ ნენა? რამდენი წლის ხარ?" რომ ვუთხარი - 38 წლის, ისე შემიცხადა, კი შემეცოდა ჩემი თავი, ცოტათი. "ცა, რას ელოდები? - ჩემს პრინცს, მაგრამ მგონი ცხენს ვერ შოულობს. "რას ჩივი?" - ამათვალიერ-ჩამათვალიერა, იფიქრა ,,თლათ“ კარგად ვერ არისო.
მაწაკი (სახელი მე დავარქვი) ჩვენი ძაღლია, რომელსაც ბებურიკო შავ მოზვერთან ერთად მზითევში მატანდა, მოზვერი გადაიფიქრა, ძაღლიც გეყოფაო. მგონი, მაწაკის ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ჩემ დანახვაზე ისეთ მალაყებს აკეთებს, სპეციალურად გაწვრთნილი გეგონება.
***
ქვაბღა ზაფხულში ულამაზესია, არანაკლები - ზამთარში. გარშემო უდიდესი მთები და სითეთრე ... თოვას რომ დაიწყებს, ცა პირს მოხსნის, როგორც სოფელში იტყვიან:- ,,გადაასწორებს ეს თოვლი ყოლისფერს“.
ტრენინგზე ვარ დაბარებული. თოვს, მაგრამ რას თოვს. ნატომ მიშუამდგომლა ბებურიკოსთან, დილა უთენია წამოაგდო თბილი ლოგინიდან და მაცილებს. ქოლგა მაქვს ცისარტყელას ფერებში. მივბაკუნობ... წინ ბებური მიმიძღვის, მალმალე უკან მომიხედავს, ხომ არ გადავარდა სადმეო. შემხედავს, ვსელფაობ, თავს აქნევს აქეთ-იქით, რა გესურათება ერთიო - ფიქრობს, ხმამაღლა კი მეუბნება: ,,ბიძიელა, მაგათმა არ იციან სად ცხოვრობ? ვის გოუგონია ასეთ უბედურ ამინდში ტრენიგები.“ მეც ვეთანხმები, აბა, აბა-მეთქი და ვაგრძელებ სელფაობას.
გაკვეთილი - არასტანდარტული ,,მოდი, შენ იყავი მასწავლებლი და მე -მოსწავლე. თავდაპირველად - ნაკლებად, მერე უფრო მეტად და მეტად მოსწონთ. ხვდებიან, მე როგორ განვიცდი ჩემს ყველა გაკვეთილს. მინდა, რომ ნახონ, არც ისე მარტივია, იყო მასწავლებელი.
პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემთვის კიდევ იმით არის ღირებული და ძვირფასი, რომ არაერთი მეგობარი შემძინა და მათ შორის არის რუსო - ყველაზე, ყველაზე სახალისო გოგო, ,,რომლის სამაჯურს მთელი საღამო ვეძებდით და მაინც უკმაყოფილო იყო “ და ერთი ყველაზე, ყველაზე ჭკვიანი, თბილი და განსაკუთრებული გოგო მაკა. მიუხედავად იმისა, რომ წალკაში მუშაობს
მასწავლებლად და ყოველთვის
ასობით კილომეტრი გვაშორებდა, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ვამაყობ მისი მეგობრობით და მე მისი ,,ოთახის შეუცვლელი გოგო ვარ “.
ახლა ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ, ყველაზე არასტანდარტული რადგან, ისევ 12 მილიმეტრზე ვიჭრი თმას, ისევ კედებით დავდივარ, ისევ მძიმე მუსიკას ვუსმენ, ბავშვებთან ერთად წრეში ბურთსაც ვთამაშობ და ფეხბურთსაც, კაბინეტის კარი ყოველთვის ღია მაქვს ყველასთვის, ჩემი მოსწავლეების და მასწავლებლების დიდი გულშემატკივარი ვარ. თუ საჭიროა, საყვედურსაც ვამბობ და ერთიანსაც ვწერ, მაგრამ მთავარია, ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი.
მომავალში არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ცხოვრების ეს წლები თავისი
მხიარულებით, წყენით, კარგით თუ ავით, ჩემს გულში დარჩება და ყოველთვის თბილად და ღიმილით გამახსენდება.
პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის
ქიმიის მასწავლებელი ნინო ფაილოძე