კარგად მახსოვს დღე, როდესაც პროგრამიდან დამირეკეს
და მითხრეს, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახე და მიბარებდნენ ტრენინგზე. ორმაგი
სიხარული და წარმატება ერთად განვიცადე: უნივერსიტეტის დამთავრება და სამსახურის დაწყება,
ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა.
ტრენინგის პერიოდი ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად
გავიარე, გავიცანი და შევიძინე ბევრი მეგობარი, იმ დროს არც კი ვფიქრობდი, რა სირთულეები
მელოდა წინ.
გამანაწილეს ბოლნისის რაიონში, სოფელ მამხუტში. იყო
ბევრი უკმაყოფილო და ბედნიერი სახე: ზოგს მოსწონდა თავისი სოფელი, ზოგს არა. ახლა ვაცნობიერებ,
რომ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან
ყველა შემთხვევაში სახლიდან შორს ყოფნა მოგიწევს.
პირველად, მამა და ძმა გამომყვნენ, მიუხედავად იმისა,
რომ რაიონი უცხო არ იყო, სოფელს ვერ ვპოულობდით,
ბევრი წვალებისა და კითხვის შემდეგ მივაგენით.
სკოლაში დირექტორი და თანაშემწე გველოდებოდნენ. გზაში
ვატყობდი, ჩემებს სახე ეცვლებოდათ, სოფელი საკამაოდ შორს იყო და არც თუ ისე კარგად
გამოიყურებოდა. თუმცა მასპინძლებმა დაგვამშვიდეს, რომ ყველანაირად ხელს შემიწყობდნენ
და „მომხედავდნენ“.
მოვიდა ჩემების
წასვლის დრო, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, რომ პატარა ბავშვივით არ ავბღავლებულიყავი,
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მარტო მიწევდა ყოფნა, ოჯახისგან მოშორებით. გულში ისიც
კი გავივლე, უარი მეთქვა ყველაფერზე და ჩემებს გავყოლოდი სახლში. დავრჩი.
პირველი კვირა სრულ დეპრესიაში გავატარე, პირად განცდებს ემატებოდა სამსახური,
ჩემი მასწავლებლობის პირველი დღეები. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების არანაირი გამოცდილება
არ მქონდა, მინდა თამამად ვთქვა, რომ საქმეს
თავს კარგად ვართმევდი. ჩემი კოლეგებიც მეხმარებოდნენ, ადგილობრივი აზერბაიჯანელი პედაგოგები
და სხვა პროგრამის მასწავლებლებიც.
ერთი კვირის შემდეგ შემომიერთდა ქართულის მასწავლებელი
და ყველაფერი ისე საშინლად აღარ მეჩვენებოდა, მძიმე პერიოდი უკან მოვიტოვე, ბავშვებს
მეტ დროს ვუთმობდი, დავიწყე დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, რასაც მოსწავლეები დიდი
ენთუზიაზმით შეხვდნენ, ბავშვებში სიყვარულსა და სითბოს ვხედავდი, რაც უფრო მოტივირებულს
მხდიდა. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელი ხალხი განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და
პატივისცემით გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ.
პროგრამის მასწავლებლები ერთად ვქმნიდით სასწავლო რესურსებს,
ვუზიარებდით გამოცდილებას, ვგეგმავდით ღონისძიებებს. თემურმა, რომელიც დღეს, ჩემი უფროსი
მეგობარი და მასწავლებელია, ბევრი რამ მასწავლა და დამეხმარა სირთულეების გადალახვაში.
დღეს, როცა ყველა სირთულე უკან მოვიტოვე, ბედნიერი ვარ,
რომ პროგრამამ მომცა საშუალება, მესწავლა ნამდვილი ცხოვრება, თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარეებით. „ასწავლე საქართველოსთვის“ _ ამ სახელს მე ყოველთვის სიამაყით ვახსენებ
ყველგან, რადგან პროგრამა არა მარტო სამსახური,
არამედ ჩემი მეორე ცხოვრებაა.
რა მომცა პროგრამამ?! - დღეს მე ვარ დამოუკიდებელი, ძლიერი და მოტივირებული
ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს გაცნობირებული თავისი უფლება-მოვალეობები და არ ეშინია
სირთულეების გადალახვის.
მადლობა, მადლობა, მადლობა, უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა
გამოვხატო ის ემოციები და სიყვარული, რომელსაც განვიცდი ჩემი ხელმძღვანელებისადმი.
ლალი, თამთა, უბრალოდ მადლობა, რომ ხართ ასეთი კარგები.
პროგრამა ,,ასწავლე
საქართველოსთვის“
წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ ნარდევანის
ინგლისური ენის
კონსულტანტ - მასწავლებელი
ანნა ქართველიშვილი