"მივხვდი, რომ იმ დღიდან ახალი ცხოვრება იწყებოდა"



2015-2016 სასწავლო წელი დგებოდა. პედსაბჭოზე ვიყავი, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მივიღე შეტყობინება, რომ წარმატებით გავიარე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონკურსი. გამოუთქმელი განცდა იყო. დავემშვიდობე კოლეგებს და სკოლიდან წამოვედი. მივხვდი, რომ იმ დღიდან ახალი ცხოვრება იწყებოდა. ყველას გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, მათ შორის ოჯახის წევრებსაც.

12 სექტემბერს მამამ ჩამომიმიყვანა, თვალცრემლიანმა დამტოვა და ხმა არ ამოუღია, რადგან იცოდა, ჩემთვის ძნელი იქნებოდა ახალ პირობებთან შეგუება. ულამაზესი სოფელი და თბილი ხალხი დამხვდა. კოლექტივსაც და ბავშვებსაც მალე შევეწყვე და სიხარულით მივრბოდი სკოლისაკენ.

"მივალ გურიაში მარააა..."

შევუდექი გურიის მიხვეულ-მოხვეულ გზებს და თან ამ სიმღერას ვღიღინებ: ,,მივალ გურიაში მარაა“ ... გზაც არ მთავრდება და ვფიქრობ: ,,ნეტა სად მივდივარ? რა მინდოდა გურიაში? ვერ დავეტიე თბილისში?“ უამრავ კითხვას ვსვამ ... ზოგს ვცემ  პასუხს, ზოგს თავს ვარიდებ. ერთი წელი მალე გაირბენს და სხვა სამსახურს ვნახავ - ვიმშვიდებ თავს.

ცოტათი შორიდან დავიწყებ ჩემი ამბის მოყოლას. არასდროს მიოცნებია, ვყოფილიყავი მასწავლებელი, რადგან  ვფიქრობდი, მასწავლებლად უნდა დაიბადო და განსხვავებული უნარები უნდა გქონდეს. მე, რომელიც მუდმივად ძიების პროცესში ვარ, მე,  რომელიც სიამოვნებით ვუსმენ ალტერნატიულ მუსიკას, მძიმე როკს, მეტალს, მე, რომელსაც თმა 12 მილიმეტრზე მაქვს შეჭრილი, მე, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს კედებშიმე, რომელიც ვფიქრობდი, მოვა დრო და მექნება ყველაზე მაგარი ბარი, სადაც მოვიწვევ როკ შემსრულებლებს და ყველაზე საუკეთესო ადგილი იქნება დასასვენებლად, მივდივარ სადღაც შორს, რადიკალურად შევიცვალო ჩემი ცხოვრების წესი და... მე უნდა გავხდე ქიმიის მასწავლებელი. მეგობრები ხალისით შეხვდნენ ამ ამბავს: ,,შენ და მასწავლებელი?“, ,,საწყალი ბავშვები“, ,,ვერ გაძლებ დიდხანს“, ,,მთაში რა გინდა?“, ,,როკერი მასწავლებელი აღარ მინახავს“... 
პროგრამამ ,,ასწავლე საქართველოსთვის“ , ჩემი ცხოვრება შეცვალა...

დღნორისული ჩანახატი

ვუძღვნი დღნორისელ მოსწავლეებს

კიდევ ერთი დილა გათენდა დღნორისაში. ვინც არ იცის დღნორისა, სოფელია ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ რომ მიდიხარ, 45 კილომეტრში, რაჭის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე,ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მეტრზე. აქ განსაკუთრებულად საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი ხვამლის მთაა. მოსახლეობა დაახლოებით 120 კომლია. ძირითადად ასათიანები, ახვლედიანები, ლომთაძეები და მიქაუტაძეები სახლობენ.

ახლა კი სკოლაში გადავინაცვლოთ. ცოტა ხანში ბავშვების ხმაური შეცვლის ღამეში გამეფებულ მდუმარებას. პირველად მე–7 კლასელი ბექა დაარღვევს ხოლმე სიჩუმეს; ყველაზე ადრე მოდის სიმღერსიმღერითერთი და იგივე სიმღერა აქვს ამოჩემებული: "კარგი იყო არ გამეცან თავიდან..." ყოველთვის ვიგებ მის მოსვლას, რადგან ჩემი საცხოვრებელი ოთახი მისი საკლასო ოთახის გვერდითაა. მერე აუცილებლად კარზე მომიკაკუნებს და მკითხავს, ნაჯახი თქვენთან ხომ არ არისო? ასეთია ჩემი ყოველი გათენება.

პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

კარგად მახსოვს დღე, როდესაც პროგრამიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახე და მიბარებდნენ ტრენინგზე. ორმაგი სიხარული და წარმატება ერთად განვიცადე: უნივერსიტეტის დამთავრება და სამსახურის დაწყება, ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა.

ტრენინგის პერიოდი ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გავიარე, გავიცანი და შევიძინე ბევრი მეგობარი, იმ დროს არც კი ვფიქრობდი, რა სირთულეები მელოდა წინ.
გამანაწილეს ბოლნისის რაიონში, სოფელ მამხუტში. იყო ბევრი უკმაყოფილო და ბედნიერი სახე: ზოგს მოსწონდა თავისი სოფელი, ზოგს არა. ახლა ვაცნობიერებ, რომ ამას  დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა შემთხვევაში სახლიდან შორს ყოფნა მოგიწევს.

"უზომოდ სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ მომენიჭა წლის მასწავლებლის ტიტული"

პროფესიით ფიზიკოსი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე.  წლების  განმავლობაში მასწავლებლად ვმუშაობდი აკაკი წერეთლის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ფიზიკის   დეპარტამენტში.  2012   წლიდან  ვარ  პროგრამის  ,,ასწავლე საქართველოსთვის“  კონსულტანტ- მასწავლებელი. მანამდე სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა.  აღმოჩნდა, რომ სკოლაში მუშაობის სპეციფიკა მკვეთრად განსხვავდება საუნივერსიტეტო სწავლების პროცესისგან.

პროგრამაში ჩართვის  პირველ წელს ახალქალაქში, გოგაშენის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი. მას შემდეგ, უკვე მეოთხე წელია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვასწავლი. ახალ საზოგადოებასთან ადაპტირებაში და განსხვავებული კლიმატური პირობების გარემოსთან შეგუებაში ძალიან დამეხმარა პროგრამის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, თბილი, კოლეგიალური ურთიერთობები და ის მეგობრული გარემო, ის ენთუზიაზმი, რითიც გამოირჩევიან აქაური მოსწავლეები.